ტურიზმი
14/12/2020

სასტუმრო “ბანგურიანი“ - შემოსავლები 5–ჯერ შემცირდა, სესხი კი 12 ათასი ევროთი გვიძვირდება

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ ფინანსური დირექტორი ბიზნესში არსებულ პრობლემებზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. ლევან ჯოჯუას განცხადებით, ვითარება მძიმეა და კომპანიის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 5–ჯერ შემცირდა.

„ზაფხულში შიდა ტურიზმმა გარკვეული შემოსავლები მოგვიტანა, შემდეგ მოგვიწია საკარანტინე სასტუმროდ გადაკეთება, რამაც ასე ვთქვათ გადაგვაგორებინა რთული პერიოდი, სასტუმროს ვინახავდით და ხელფასებს ვუხდიდით თანამშრომლებს. ზამთრის სეზონს ველოდებოდით, იმ იმედით, რომ დამსვენებლები გვეყოლებოდა, თუმცა, ზამთრის კურორტების აკრძალვის გამო რას უნდა ველოდოთ არ ვიცი. შემოსავალი არ გვაქვს, თანამშრომლებს ვერ შევინარჩუნებთ, ისედაც 25 კადრიდან 5 დარჩა, აქედან ზოგიერთმა სხვა სამსახური იპოვა, ზოგიც 300 ლარიან დახმარებას იღებს სახელმწიფოსგან. ეკონომიკის მინისტრთანაც გვქონდა შეხვედრა, გვინდოდა გახსნილიყო სასტუმროები, თუმცა, იმდენად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ქვეყანაში, რომ შეიძლება სწორიც არის ეს გადაწყვეტილება.“– აღნიშნავს ლევან ჯოჯუა.  

წლის განმავლობაში სასტუმრო „ბანგურიანის“ საშუალო დატვირთულობა 40%– ია, ზაფხულში 80%–ი. ჯოჯუას განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ მესტიაც ზამთრის კურორტია, არ არის იმდენად განვითარებული, როგორც გუდაური ან ბაკურიანი, რასაც სიშორის ფაქტორიც ახლავს.

„მხოლოდ დაკეტვა და ხელფასის გადახდა არ არის პრობლემა. უამრავი ხარჯია,  კომუნალური,  დაზღვევის თანხა და ა.შ. განსაკუთრებით ზამთარში.თუ ასე გაგრძელდა, უბრალოდ სასტუმროს ინფრასტრუქტურაც განადგურდება. სესხების სუბსიდირების პროგრამით ვისარგებლეთ და დაგვეხმარა კიდეც, მაგრამ პროცენტის დარიცხვა მაინც გრძელდება და საბოლოო ჯამში სესხი 12 ათასი ევროთი გვიძვირდება.“– აცხადებს სასტუმროს ფინანსური დირექტორი.  

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

 

Businesspartner