"სამეგრელოს ტური" - ვიდეო, რომელიც 2021 წლის UNWTO-ს კონკურსის გამარჯვებული გახდა
ვიდეო „სამეგრელოს ტური“ 2021 წლის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) კონკურსის გამარჯვებული გახდა.
ვიდეო USAID/საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. UNWTO-მ ის შეარჩია ევროპაში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილ საუკეთესო ვიდეოდ, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ვიდეო შევიდა საუკეთესო ხუთეულში.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ მონაწილეობა მიიღო UNWTO-ს გლობალურ ვიდეო კონკურსში, რაც მიზნად ისახავდა ქვეყნის წარდგენას და მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო დონეზე.
"საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ კონკურსში, რაც საამაყო ფაქტია მთლიანად ქვეყნისთვის. გამარჯვებული ვიდეო რგოლები გაზიარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სოციალურ არხებზე, რაც რეგიონის და ქვეყნის ცნობადომას საგრძნობლად გაზრდის" - აღნიშნავს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელი, გიორგი ახალაია.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან პარტნიორობით, კონკურსში წარდგენილი იყო ორი ვიდეორგოლი - სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის შესახებ, რომელთაგან ერთიც გლობალური კონკურსის გამარჯვებული გახდა. ვიდეორგოლების სერიაზე იმუშავა Magnet Films-მა.
ვიდეორგოლების სერია შეიქმნა USAID-ის ეკონომიკური უსაფთხოების პროგრამის მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა საქართველოში მდგრადი ტურიზმის განვითარებისა და მისი პოტენციალის პოპულარიზაციას. ქვეყნის სხვადასხვა კუთხის უნიკალურ ლოკაციებზე და ადგილობრივ გასტრონომიაზე შექმნილ ვიდეორგოლებში, სხვადასხვა დარგის წარმატებული ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც პირად ისტორიებს იხსენებენ, გვიზიარებენ შთაბეჭდილებებს და გვირჩევენ რომელი ტურისტული მარშუტები და ისტორიული ადგილმდებარეობები მოვინახულოთ ამა თუ იმ რეგიონში მოგზაურობისას.
პირველ ეტაპზე, პროგრამის ინიციატივით, საქართველოს 3 რეგიონზე დეტალური ტურისტული მარშრუტების გათვალისწინებით შეიქმნა ვიდეოები. ეს რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო და შიდა ქართლი. იანვრის პერიოდში კი იგეგმება სვანეთის შესახებ ვიდეოს გადაღებაც.
აღნიშნული რეგიონების ტურისტული მარშრუტების გეგმა USAID - ის პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო კომპანია „Greenteam Global“-ის ექსპერტებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის შეიმუშავეს, რომელიც მორგებულია, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ტურისტების ინტერესებზე. ტურისტული მარშრუტების ვიდეო ფორმით გარდაქმნა, ეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო ტურ ოპერატორებს უკეთ წარმოაჩინონ და მეტი ტურისტი დააინტერესონ აღნიშნულ მხარეებში მოგზაურობით.