ტურიზმი
27/04/2021

საქართველოში პირველი "აუთლეტ სოფელი" 2022 წლის გაზაფხულზე გაიხსნება

საქართველოში “აუთლეტ სოფელი“ გაიხსნება. პროექტი 1 წელსა და 2 თვეში განხორციელდება. ობიექტი ლილოსთან ახლოს, 10 ჰა ტერიტორიაზე განთავსდება. ის არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში პირველი იქნება, რაც ქვეყანაში შოპინგ ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

“მსოფლიოში ბრენდების გარკვეულ რაოდენობას აქვს აუთლეტ მიმართულება. ამ ბრენდებიდან შეირჩევა საუკეთესოები, გემოვნებიანი. არის ბრენდები, რომელზეც უარი ვთქვით. “აუთლეტ სოფელში“ ძალიან ბევრი ბრენდი იქნება, რომელიც ჯერ საქართველოში წარმოდგენილი არ არის და ცნობილ აუთლეტებში საკმაოდ კარგად მუშაობენ“,- განაცხადა გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი“ „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველმა პარტნიორმა გუგა ცანავამ.

მისი ინფორმაციით, “აუთლეტ სოფელში“ წარმოდგენილი იქნება აგრეთვე კვების ობიექტები, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით გაკეთდება ღვინის ბარიც.

“თითოეული კვების ობიექტი იქნება განსხვავებული, არ იქნება დუბლირება“, - აღნიშნა გუგა ცანავამ.

მისივე თქმით, იგეგმება საკვები პროდუქტების ბრენდების შემოყვანაც, აგრეთვე ყავის ბრენდიც. თუმცა, ამ ეტაპზე ბრენდის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, რადგან მოლაპარაკების პროცესშია.

“მოლაპარაკების ისეთ ფაზაში ვართ, უფლება არ მაქვს, დავასახელო ბრენდი, მაგრამ გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი სიურპრიზი იქნება, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ვიზიტორებისთვის. საუბარია ძალიან ცნობილ საერთაშორისო ბრენდებზე“, - განაცხადა გუგა ცანავამ.

მისი განცხადებით, ობიექტი ტურისტებს არა მარტო ინერციით მოიზიდავს, არამედ კონკრეტული მარკეტინგული ღონისძიებებია უკვე მონიშნული. იგეგმება სპეციალური ტურების დანიშვნა, არ არის გამორიცხული სპეციალური ფრენებიც დაინიშნოს და ა.შ.

“ძალიან სერიოზული ინვესტიცია განხორციელდება თვითონ ამ აუთლეტის მარკეტინგში, იმისთვის, რომ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს“,- აღნიშნა გუგა ცანავამ.