ტურიზმი
15/05/2023
"საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები მხოლოდ ის ავიაკომპანიები შეასრულებენ, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არ არიან"
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გვსურს კიდევ ერთხელ განვარტოთ: გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე: შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშოროსო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე.
კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომები არც ერთ საერთაშორისო აეროპორტებს შორის არ იქნება,"-ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსული ავიაემბარგოს გაუქმების გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებას. აღნიშნული ემბარგო 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ იყო დაწესებული, რის გამოც, რუსეთთან ავიამიმოსვლა მესამე ქვეყნების (ძირითადად სომხეთის) გავლით ხორციელდებოდა.
ავიაემბარგოს გაუქმების გადაწყვეტილების თანახმად, პირდაპირი ფრენების ნებართვა 15 მაისიდან გაიცა.
ავიაემბარგოს გაუქმების გადაწყვეტილების თანახმად, პირდაპირი ფრენების ნებართვა 15 მაისიდან გაიცა.