"საქართველომ შიდა ტურიზმიდან წელს 553 მლნ-ის შემოსავალი მიიღო"
2021 წლის პირველ კვარტალში შიდა ტურიზმის მაჩვენებელი 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112 და 119%-ით აღდგა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2021 წლის პირველ კვარტალში 31%-ით გაიზარდა ღამისთევების მთლიანი რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მისივე თქმით, შიდა ტურისტებმა, შესაბამისად, 51%-ით და 45%-ით მეტი დახარჯეს 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სულ 2021 წლის I კვარტალში, შიდა ტურისტების მთლიანმა ჯამურმა დანახარჯებმა 553 მლნ ლარამდე შეადგინა. საშუალო დანახარჯმა ერთ ვიზიტზე 149 ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 35%-ით მეტია.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შიდა ტურიზმის გააქტიურებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კერძო სექტორის გაძლიერებას და განვითარებას. ეს დადებითად აისახა სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტის ზრდაზე. სტატისტიკის თანახმად, 2020 წლისგან განსხვავებით, 2021 წელს ეს მაჩვენებელი, განსაკუთრებით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის მიუახლოვდა რეკორდულ 2019 წლის მაჩვენებლებს. კერძოდ, თუკი 2019 წლის მაისსა და ივნისში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 61,4 პროცენტი და 66,3 პროცენტი იყო, 2021 წლის ანალოგიურ თვეებში მან 40,3 პროცენტი და 58,3 პროცენტი შეადგინა.