ტურიზმი
06/09/2021

საქართველოდან ავიარეისები მსოფლიოს 73 ქალაქში სრულდება

საქართველოს ავიაბაზარზე ამ დროისთვის 40 ავიაკომპანია ოპერირებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ავიაკომპანიები ფრენებს მსოფლიოს 73 ქალაქიდან ახორციელებენ. მათ შორისაა ისეთი ავიაგადამყვანებიც, რომლებიც გასულ წლებში საქართველოში არ ფუნქციონირებდა. კერძოდ, გერმანული „ევროვინგსი", ყაზახური „ფლაიარისტანი" და სხვა.

„რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აეროპორტების ჭრილში, ჩვენი ძალისხმევით, თუკი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიათა რაოდენობა 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 92%-ით აღდგა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. კერძოდ, ბათუმში 106%-ით მეტი ავიაკომპანია 169 პროცენტით მეტ სიხშირეს ახორციელებს. ამასთან, 143%-ითაა გაზრდილი მიმართულებების რიცხვი, საიდანაც ბათუმში ფრენები სრულდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების რიცხვი არ შეცვლილა, მგზავრთნაკადი 106%-ით გაიზარდა," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოზიტიური დინამიკაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაშიც, სადაც უნგრულმა ავიაკომპანია „ვიზეარმა"2021 წლის ივლისიდან ბაზა დააბრუნა და განაახლა ფრენები ევროპის 14 ქალაქის მიმართულებით.