ტურიზმი
16/06/2020

საქართველო საერთაშორისო ტურისტების მისაღებად ემზადება

შიდა ტურიზმის გახსნის პარალელურად, საქართველო საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად ემზადება. 1 ივლისიდან, უსაფრთხო დერეფნების პრინციპით, ეტაპობრივად მოხდება საქართველოს საზღვრების გახსნა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აქტიური მოლაპარაკება გრძელდება ევროკავშირის ქვეყნებთან, რომლებიც გამოირჩევიან სტაბილური ეპიდმდგომარეობით, როგორიცაა: ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და ა.შ.

ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, მესამე ქვეყნებიდან შენგენის სივრცეში მგზავრობის შეზღუდვა მიმდინარე წლის 15 ივნისიდან 30 ივნისამდე გაგრძელდა. ეს კი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას გულისხმობს. საზღვრები გაიხსნება მხოლოდ რიგი ქვეყნებისთვის, რომლებიც წევრი ქვეყნების მიერ ერთობლივად შეირჩევა. შერჩევა უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით როგორიცაა -ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, დანერგილი უსაფრთხოების ნორმები და ა.შ. შერჩევის პროცესის დროს გამოყენებულ იქნება ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ECDC) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემები. წევრი ქვეყნები კოორდინირებულად შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ. პირველ ეტაპზე შეზღუდვა მოიხსნება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ევროკავშირის მსგავსი ან უკეთესია. ქვეყნების სია რეგულარულად განახლდება,
რაც ქვეყნების დამატებას ასევე ამოღებას გულისხმობს, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების თანახმად.
პარტნიორ ქვეყნებთან ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებისას საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან მყარი მხარდაჭერა მიიღო, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება ვისთვისაც ევროკავშირის საზღვრები გაიხსნება. აღნიშნული განაპირობა, როგორც საქართველოს წარმატებულმა ბრძოლამ კოვიდთან, ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში დანერგილმა უსაფრთხოების მკაცრმა რეგულაციებმა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას ტურისტების მისაღებად და ქვეყნის, როგორც უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად აღიარებას. რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყანას, რომელიც მზადაა ყველა საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების დაცვით უმასპინძლოს ტურისტებს.

 

ფოტო: world.wng.org

Businesspartner