ტურიზმი
30/04/2020

საქართველო მკაცრი გაიდლაინების პირობებში შეეცდება იყოს ერთ-ერთი პირველი, რომელიც ტურისტებისთვის გაიხსნება

ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად იმისთვის, რომ მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში, საქართველოს ტურისტული ბაზარი იყოს უსაფრთხო და ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის პირობებში.

მინისტრმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებით დაზარალდა და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.

„ჩვენ კრიზისის პირველივე დღიდან ვეხმარებით ტურისტულ ინდუსტრიას სხვადასხვა სახის შეღავათითა და პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ეს დღეს აღარ არის საკმარისი. ტურისტულ ინდუსტრიას დღეს სჭირდება გარკვეული დრო, სანამ არ გახდება ისეთივე მომგებიანი და მიმზიდველი, როგორიც კრიზისამდე იყო. ამავდროულად ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო იქნება ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს ეპიდემიას და გახსნის საზღვრებს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სანამ ტურიზმის სექტორი მის წინაშე არსებულ გამოწვევებს დაძლევს, მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.

„დღეს ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც მოიცავს როგორც ახლა განსახორციელებელ ანტიკრიზისულ ზომებს, ასევე სამომავლო სტიმულირების ინსტრუმენტებსაც,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, შეხვედრები ტურიზმის სექტორთან სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა დარგის წინაშე არსებული პრობლემური საკითხები სწრაფად და ეფექტურად გადაიჭრას.

Businesspartner