საქართველო-ესპანეთს შორის პირდაპირი ფრენები განახლდა
საქართველო-ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა.
საქართველოდან ესპანეთში პირდაპირი გზით მოხვედრა, ამ ეტაპზე კვირაში ერთი სიხშირით, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაა შესაძლებელი.
პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით და პირიქით, უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს.
პირველი რეისის 170-ვე მგზავრს ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. განახლებულ რეისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და DMO Imereti-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი დახვდნენ.
ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით მხოლოდ ორჯერ აცრილ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა.
ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, 3 ქალაქის: 2 ნოემბრიდან ბერლინისა და ვენის, ხოლო 16 დეკემბრიდან აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.