"საქართველო ერთ-ერთ საუკეთესოდ მოიაზრება, როგორც სწრაფი აღდგენის ტემპის მქონე ქვეყანა"
საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის სწრაფ ტემპზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ესპანეთში საერთაშორისო სამიტზე Future of Tourism Word Summit ისაუბრა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ტურიზმის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით საქართველოს გამოცდილება და მიღწევები გაუზიარა. ასევე მიმოიხილა "განახლებული რეგიონების" პროექტი, რომელიც ხელს უწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას რეგიონებში.
„მსოფლიო ტურიზმის სამიტზე, მინისტერიალის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, თუ როგორ მოვახერხეთ ასეთ მოკლე დროში კოვიდის მიუხედავად ასეთი სწრაფი ტემპით ტურიზმისა და ავიაციის აღდგენა. გარდა ამისა ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, საქართველომ მოიყვანა მაგალითი განახლებული რეგიონების პროექტის, რომელიც ხელს შეუწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში. ვისაუბრეთ დასაქმების მნიშვნელობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და სხვა ქვეყნებს გააჩნია კოვიდ-19-ის რეალობაში. რა თქმა უნდა ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, პოზიციონირებას და ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მოიაზრება, როგორც კოვიდის დროს სწრაფი აღდგენის ტემპის მქონე ქვეყანა ტურიზმსა და ავიაციაში," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სამიტი ესპანეთში, ბარსელონაში იმართება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოსთვის მონაწილეობა მიიღოს სამომავლოდ ტურიზმის სწორად დაგეგმვის პროცესში და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკა მიიღოს წამყვანი ტურისტული ქვეყნებიდან," - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
სამიტი ორი დღის განმავლობაში გრძელდება და მასში მსოფლიოს 70 ქვეყნის 80 სპიკერი ტურიზმის სამინისტროების, ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო და კერძო სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობენ.