საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანაა
საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენის ITB 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაზე 80-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. მათგან 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელია.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტული გამოფენა 6 მარტს კულტურული პროგრამით გაიხსნება. საზეიმო გალა გახსნას კი 180 ქვეყნიდან 2500-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, გამოფენის მთავარი სტენდი დამთვალიერებლებს ქართული სტუმარმასპინძლობის უსაზღვრო შესაძლებლობებს გააცნობს.
„საქართველოს პრეზენტაციას 60-მდე საერთაშორისო ჟურნალისტი და ტუროპერატორი დაესწრება. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ შეხვედრები მოეწყობა ტუროპერატორთან და გერმანული მედიის წარმომადგენლებთან. გამოფენის ფარგლებში ქართული კალიგრაფიის მასტერკლასი მოეწყობა. სტუმრები გაეცნობიან ტიხრულ მინანქარს, ქართულს კერძებსა და ღვინოს. გამოფენის ვიზიტორები საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმს ვირტუალურ რეალობაში ესტუმრებიან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო შეხვედრებს გამართავს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან.“-აღნიშნა მაია ომიაძემ.
ბერლინის ტურისტული გამოფენა ITB 2023 ოფიციალურად 7 მარტს გაიხსნება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.