საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, ყველაზე მეტი თურქეთიდან შემოვიდა
2022 წლის I კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 576.5 ათასი შემოსვლა, რაც 4.3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 49.4%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 517.3 ათასი შეადგინა, რაც 4-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2022 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 431.3 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4.8-ჯერ არის გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 460.0 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 3.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 89.6% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 7.2% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.2% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 66.8 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 15.5%-ს შეადგენს და გაზრდილია 126.9 %-ით 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (103.8 ათასი) თურქეთის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 104.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 50.5%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ
კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 33.6%-ს შეადგენდა.
ყველაზე მეტი ვიზიტი (49.9%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 307.8 ათასი და 173.2 ათასი ვიზიტი.
განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.5 ღამე შეადგინა.
განხორციელებული ვიზიტების 74.9% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2022 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 777.8 ლარი შეადგინა.