რუსული მედია: რუსული ავიაკომპანიები თბილისსა და მოსკოვს შორის რეისებს კვირაში 7 დღის განმავლობაში შეასრულებენ
რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, რუსული ავიაკომპანიები თბილისსა და მოსკოვს შორის რეისებს კვირაში 7 დღის განმავლობაში შეასრულებენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა rbc.Ru რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით წერს.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 15 მაისიდან რუსული ავიაკომპანიების მიერ საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნის შესახებ განაცხადა. მეორე ბრძანებით კი პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.
„ამ ეტაპზე გადამზიდავები ემზადებიან ფრენების აღდგენისთვის. რუსული ავიაკომპანიები მოსკოვიდან თბილისში და უკან, 7 პირდაპირ რეისს ყოველკვირეულად განახორციელებენ. ფრენები სამამულო წარმოების საჰაერო ხომალდებით შესრულდება,“ - ნათქვამია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი 2008 წლის ომის შემდეგ გაუქმდა. 2012 წელს კი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ცალმხრივად დააწესა. პირდაპირი ფრენები კი მოსკოვსა და თბილისს შორის 2019 წლის ივლისში გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების შემდეგ შეწყდა.