"რუსი ტურისტების სიმრავლის გამო, კერძებისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების რისკები დადგება"
რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შედეგად წელს საქართველოს, მთელი მისი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე მეტი ტურისტი ეწვევა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, „მარტივი მათემატიკა“ და ლოგიკაა, რომ პირდაპირი ავიარეისები ნებისმიერი ქვეყნის ტურისტულ მიზიდულობას ზრდის. ამიტომ ბურჯანაძე ამბობს, რომ 15 მაისის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, ამასთან, იქნება ყველანაირი კატეგორიის მოგზაური - როგორც დაბალმხარჯველი, ისე მაღალბიუჯეტური, თუმცა ამ კუთხით ტენდენციები მომდევნო ეტაპზე გამოიკვეთება.
„პირდაპირი ფრენების არარსებობის გამო რუსი ტურისტებისთვის საქართველო ბოლო წლებში აღარ იყო აქტიური. ახლა კი, როცა მათთვის სხვა მიმართულებები შეზღუდულია, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი მით უფრო ძალიან დიდი იქნება. ცხადია, ეს ბიზნესს შემოსავლებს გაუზრდის, რაც თავისთავად, ლოგიკურად მოხდება, თუმცა სასწორის მეორე მხარესაა ეროვნული ინტერესები,“ - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
კითხვაზე, რამდენად დადებითი იყო სარესტორნო ბიზნესის რეაქცია რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების გახსნაზე, ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ სიახლეს განვითარებაზე ორიენტირებულ ბიზნესში აღფრთოვანება არ გამოუწვევია, რადგან რუსი ტურისტები არ არიან ტურისტების ის კატეგორია, რომელიც დარგს სტაბილურობას და გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.
„პირადად მე ეროვნების მიხედვით არ ვუყურებ ტურისტს, თუმცა რუსეთი, როგორც არამეგობრული ქვეყანა, არაა ჩვენთვის სტაბილური ბაზარი. შესაძლოა, დღეს მივიღოთ ტურისტების ძალიან დიდი ნაკადი, დარგი გადაეწყოს ამაზე, გახსნას ახალი ობიექტები, გარკვეული დროის შემდეგ კი რუსული ბაზარი მოულოდნელად ისევ დაიხუროს ჩვენთვის, რაც ამ სფეროსთვის დარტყმა იქნება. საფრთხეა სხვა მიმართულებითაც: წლების წინ, როდესაც რუსი ტურისტები აქტიურად გვსტუმრობდნენ, სარესტორნო ბიზნესში ხარისხის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა - მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, ხაჭაპურში ყველის მაგივრად მაკარონს დებდნენ და ასეთი პროდუქტი მაინც იყიდებოდა. მას შემდეგ კი, რაც პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა და აქცენტი ევროპელი სტუმრების მომსახურებაზე გადავიდა, სერვისის ხარისხის სტანდარტიც გაიზარდა, მაღალი სტანდარტის მოთხოვნის გამო, ქართული კულინარია სწორედ ხარისხზე გახდა ორიენტირებული. ახლა კი, როცა რუსი ტურისტები მრავლად ჩამოვლენ, კერძებისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების რისკები ისევ დადგება,“ - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, იქნებიან ობიექტები, რომლებიც რუსი ტურისტების მომსახურებაზე უარს იტყვიან, მაგრამ თავად ეროვნების მიხედვით ტურისტის გარჩევას არ მიესალმება. რაც შეეხება იმას, რომ რუსი ტურისტების მომრავლება ადგილობივ მომხმარებელში გაღიზიანებას გამოიწვევს, ბურჯანაძე ამბობს, რომ „როგორც ჩვენ დავხვდებით ტურისტებს, როგორც ჩვენ მოვიქცევით და ჩვენს სტანდარტებს დავახვედრებთ - შესაბამისად მოიქცევიან რუსი და სხვა ეროვნების ტურისტებიც.“
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს იმასაც, რომ სარესტორნო დარგი რეკორდული რაოდენობის ტურისტის მისაღებად მზად არაა არც სერვისის ხარისხის და არც პროდუქციით მომარაგების კუთხით. ბურჯანაძე ამბობს, რომ ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტის გამო ტურისტულ სეზონზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი.
შოთა ბურჯანაძის თქმით, დარგში მდგომარეობა დალაგდება და პროგნოზირებადი და სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული გახდება მაშინ, როცა უკრაინა ომში გაიმარჯვებს.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 11 მაისს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.
საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.
პირდაპირი ავიარეისები კი რუსეთმა საქართველოსთან 2019 წელს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეწყვიტა.