რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა
28 მარტიდან, ქუთაისსა და რომს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა. რეისებს კვირაში ორი სიხშირით ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz air ასრულებს. პანდემიის გამო, ორწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი რომიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 5 წლის თავზე შესრულდა.
ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. განახლებული რეისს რომიდან 113 მგზავრი ჩამოყვა, საქართველოდან რომში კი 170 მგზავრი გაფრინდა.პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციული საჩუქრები დაურიგდათ.
ორწლიანი პაუზის შემდეგ რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლება საგანგებოდ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების 5 წლისთავს დავამთხვიეთ. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ავიაკომპანია Wizz Air-თან კონსულტაციების შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აღდგა საქართველოს მოქალაქეებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება რომი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, იტალიაში მცხოვრები ჩვენი დიასპორისთვის და მოგზაურთა მოყვარულებისთვის. ვიზალიბერალიზაციის შედეგად ევროპაში ჩვენი მოქალაქეების მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განხორციელდა და მნიშვნელოვანი მათგანი სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრინდა. იმედი მაქვს, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
საქართველოს მოქალაქეებს, იტალიაში გამგზავრება უკვე ტურისტული მიზნებითაც შეუძლიათ. საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს მგზავრის ლოკატორის ფორმა(PLF) https://app.euplf.eu/#/ კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერტიფიკატი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოს აეროპორტებიდან ერთადერთია, სადაც იტალიის ორ ქალაქში, რომსა და მილანში პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრაა შესაძლებელი.