ტურიზმი
25/02/2021

როგორია უცხოელი სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. აღნიშნული პირები გათავისუფლებული იქნებიან წინასწარი რეგისტრაციის, PCR ტესტის წარმოდგენის და კარანტინის გავლის ვალდებულებისგან.

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისრაელის სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის, ნორვეგიის სამეფოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის სამეფოს მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები:

  1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალურ ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
  2. საქართველოში შემოსვლისას სასაზღვრო პუნქტზე უნდა წარადგინონ უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს უზრუნველყონ საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარება. ისინი არ დაექვემდებარებიან სავალდებულო კარანტინს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბოლო 14 დღის განმავლობაში დაუფიქსირდება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე მოგზაურობის ისტორია.

ზემოთ მითითებული ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები საქართველოში შემოდიან შემდეგი წესით:

გამომგზავრებამდე 10 სამუშაო დღით ადრე მაინც,  უნდა დარეგისტრირდნენ  საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე – „StopCov.ge“ და შეავსონ „საქართველოში შემომსვლელ უცხოელ სტუდენტთა რეგისტრაციის ფორმა“.

საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის ან უარის შესახებ ინფორმაციას უცხოელ სტუდენტებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროებათ ვიზა, აღნიშნული ნებართვა არ ათავისუფლებს შესაბამისი კატეგორიის ვიზის ან ბინადრობის მოწმობის ფლობის ვალდებულებისგან.

სავიზო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ გვერდზე

ისინი, ვინც მიიღებენ საქართველოში შემოსვლის თანხმობას, ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას წარადგინონ საქართველოში შემოსვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, საკუთარი ხარჯებით გაიარონ სავალდებულო 8-დღიანი კარანტინი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მოწყობილ საკარანტინე სივრცეში და 8-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტირება. ამ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

გარდა კოვიდვაქცინის მქონე პირებისა, ყველა, ვისაც უფიქსირდება უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადასვლას.