ტურიზმი
12/10/2022

როგორია საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები საქართველოში - PMC კვლევის შედეგები

ტურიზმის აღდგენის დინამიკა შენარჩუნებულია. PMC კვლევის მიხედვით, 2022 წლის I კვარტლიდან აღდგენა გაძლიერდა და II კვარტალში 2019 წლის შესაბამისი პერიოდის საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის თითქმის ნახევარს მიაღწია.

კვლევის მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტების ნაწილობრივი აღდგენის მიუხედავად, 2022 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მთლიანმა დანახარჯმა პანდემიამდელ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად, 21%-ით, გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის II კვარტალში დანახარჯები 2019 წლის II კვარტლის მაჩვენებელს მხოლოდ 6%-ით ჩამორჩებოდა.

ვიზიტზე საშუალო დანახარჯი 2019 წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით 2022 წლის I კვარტალში სამჯერ გაიზარდა, ხოლო 2022 წლის II კვარტალში თითქმის გაორმაგდა. ეს აიხსნება იმით, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა თითქმის გაორმაგდა და 3.8-დან 6.4 ღამემდე გაიზარდა.

2022 წლის პირველ ნახევარში, წინა პერიოდების მსგავსად, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა: კერძოდ, თურქეთიდან (მთლიანი ვიზიტების 18%), რუსეთიდან (17%) და სომხეთიდან (14%). 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2022 წელს მსხვილ ტურისტულ ბაზრებს შორის ისრაელიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ პანდემიამდელ მაჩვენებელს 2%-ით გადააჭარბა. ამავდროულად, მნიშვნელოვნად აღდგა ვიზიტები უკრაინიდან (2019 წლის მაჩვენებლის 86%), ირანიდან (61%), ევროკავშირიდან (53%) და თურქეთიდან (52%).

კვლევაში ნათქვამია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკამ რუსების, ბელორუსების და უკრაინელების შემოსვლისა და გასვლის რაოდენობაში მნიშვნელოვანი განსხვავებები აჩვენა. 2022 წლის იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლებსა და გასვლებს შორის სხვაობამ 58.6 ათასს უნიკალურ პირს მიაღწია. რაც შეეხება უკრაინასა და ბელარუსს, აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისთვის შემოსვლებისა და გასვლების სხვაობამ, შესაბამისად, 11.2 ათასი და 6.3 ათასი შეადგინა.

საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2022 წლის სექტემბერში 157.5%-ით გაიზარდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 30.6%-ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.