როგორი იქნება ჯვარიმინდორზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა (ვიდეო)
აჭარაში ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა მოეწყობა.
ელექტროენერგიითა და წყლით უზრუნველყოფილ ტურისტულ თავშესაფრებში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცე, ხის მაგიდები, ხის სკამები, კედელზე მიმაგრებული კარადები და ხის ორსართულიანი საწოლების განთავსება იგეგმება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აჭარაში ყველაზე გრძელი (88 კმ), ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე გეგმავს, სადაც კოტეჯებთან ერთად საშხაპეები, საპირფარეშოები, საკოცონე სივრცე და საპიკნიკე ზონა განთავსდება. მოლაშქრეებს ჯვარიმინდორზე ღამისთევისა და დასვენების საშუალება ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფრებში ზაფხულის ბოლოდან შეეძლებათ.
ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ბილიკი გამორჩეული და მრავალფეროვანია. მისი 50% კოლხური ტყით დაფარული ტერიტორია, დანარჩენი კი ალპური ზონაა, სადაც მოგზაურებს ათასწლოვანი უთხოვარის ეგზემპლარი ხეები, ჩანჩქერები და ველური ტბები ხვდება. ცნობისთვის, ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.