ტურიზმი
20/07/2022

როგორ მიმდინარეობს აჭარაში ტურისტული სეზონი და როგორია TBC Capital–ის მოლოდინები

პანდემიით გამორჩეულად დაზარალებულ ზღვისპირეთში 2022 წელი ტურისტულად აქტიურია.

საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტების ძლიერი აღდგენა, დატვირთული სასტუმროები, არარეზიდენტების დანახარჯების ზრდა დადებით მოლოდინებს ქმნის სექტორის მიმართ. 

2022 წლის პირველ კვარტალში აჭარაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 173 000 შეადგინა, რაც 2019 წლის პირველი კვარტლის 69%-ია. აღსანიშნავია, რომ იგივე მაჩვენებელი თბილისისთვის 46%-ია, რაც ნიშნავს, რომ აჭარაში ტურიზმი უფრო სწრაფი ტემპით უბრუნდება 2019 წლის მაჩვენებლებს, ვიდრე თბილისში.

2022 წლის პირველ კვარტალში აჭარაში 368 000 ადგილობრივი ვიზიტი შესრულდა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის 95%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-ივნისში ბათუმის აეროპორტით განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მხოლოდ 9%-ით ჩამოუვარდება 2019 წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტების თითქმის ნახევარი, 48% ისრაელელებზე მოდის.

აღდგენაზე მიუთითებს ტურიზმის სექტორის სხვა ისეთი ინდიკატორებიც, როგორებიცაა დატვირთულობა და საშუალო დღიური ფასი ბრენდულ სასტუმროებში. ივნისში დატვირთულობამ 72% შეადგინა, რაც 10 პპ-ით ჩამოუვარდება 2019 წლის დატვირთულობას. ამავე პერიოდის საშუალო დღიური ფასი კი $130-ია - 2019 წლის იმავე პერიოდის ფასზე 27%-ით მეტი.

რაც შეეხება საინვესტიციო ბანკის მოლოდნებს, TBC Capital-ის პროგნოზი აჭარაში ტურიზმის სექტორის მიმართ დადებითია.

„ჩვენი მოლოდინით, 2022 წელს აჭარაში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წლის მაჩვენებლის 75%-ს მიაღწევს. ზაფხულის სეზონზე, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, 85%-ის ფარგლებში. 2022 წელს საშუალო დატვირთულობა სასტუმროებში 65%-ს მიაღწევს, ხოლო ზაფხულის სეზონზე 80%-ს ფარგლებში იქნება. მოსალოდნელი საშუალო დღიური ფასი, ბრენდულ სასტუმროებში, ზაფხულის პერიოდში 130-140 აშშ დოლარია, ხოლო 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი $95 მიაღწევს.“–ნათქვამია განახლებულ ანგარიშში.

მიგრაცია და ტურისტული ნაკადების მატება მზარდი ბაზრებიდან აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებზეც აისახება. არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ნახევარი წელს თურქეთზე, ისრაელზე და უკრაინაზე მოდის. 

სტუმრების ხარჯვითი ქცევა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა, გარეთ კვება არარეზიდენტების დანახარჯების სტრუქტურაში 2022 წელსაც მოზრდილ ადგილს იკავებს.