ტურიზმი
29/05/2023

როგორ დაარეგულირებს "ტურიზმის შესახებ“ ახალი კანონი სათავგადასავლო და მაღალი რისკის შემცველ ტურიზმს

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

„ტურიზმის შესახებ“ კანონზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან მალე მას საბოლოო სახე ექნება. სათავგადასავლო ტურიზმი არ მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს და მისი ხიბლი შეიძლება ითქვას ბუნებრივობაშია, თუმცა შესაძლოა მაღალი რისკის შემცველი იყოს.

არის თუ არა  „ტურიზმის შესახებ“ ახალ კანონში გათვალისწინებული ეს საკითხი - ამ თემაზე USAID-ს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველმა პოლიტიკის და სამართლის საკითხებში ირაკლი გელოვანმა “ბიზნესპარტნიორის“ პოდკასტში „გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში“ ისაუბრა.

მისი თქმით, სანამ კანონპროექტზე მუშაობას დაიწყებდნენ, ეს იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა.

„ასეთი სახის ტურისტულ მომსახურებებს მაღალი რისკი აქვთ ადამიანის ჯანმთელობასა და სიცოცხლეზე. შესაბამისად, როდესაც გამოიკვეთა ამ თემის დარეგულირების საკითხი, დავიწყეთ მუშაობა და დღევანდელი ფორმულირებით კანონმდებლობაში სპეციალური თავი გვაქვს, რომელიც გულისხმობს რომ, იქნება სია მაღალი რისკის ტურისტული მომსახურებების, რომელსაც  მთავრობა განსაზღვრავს.

უკვე გამოკვეთილია რამდენიმე აქტუალური მიმართულება, თუმცა საბოლოოდ უკვე ეს სია  შეიძლება მოიცავდეს 7-10 სახეობას. ასეთი სახის მომსახურებებს დაევალებათ გაითვალისწინონ ტექნიკური რეგლამენტი. შეიქმნება კანონქვემდებარე აქტი, რომელიც გარკვეულ უსაფრთხოების წესებს მოიცავს, ასევე რისკების და უსაფრთხოების ცხრილების შედგენას, შემდეგ შესაძლებელია აუდიტორმა დაადასტუროს ეს დოკუმენტი, რაც პირველი წინაპირობაა საქმიანობის, მომსახურების გაწევის  დასაწყებად.  რაც შეეხება სამთო გიდებს, ყველას ვისაც სურს გასწიოს მომსახურება უნდა ჰქონდეტ სერტიფიკატი,-“-ამბობს ირაკლი გელოვანი.

მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება თუ ვინ იქნება ზედამხედველი ამ მიმართულებით ჯერ დაზუსტებული არ არის. თუმცა საერთაშორისო პრაქტიკით, ბევრ ქვეყანაში შრომის ინპექცია უზრუნველყოფს აღნიშნულს და ამ შემთხვევაში ზედამხედველი მომხადებული და კომპეტენტური უნდა იყოს.

 

Businesspartner