როდის აღდგება საქართველო-ისრაელს შორის რეგულარული ფრენები
ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება.
როგორც რან გიდორი AviaNews-თან აცხადებს, პირდაპირი რეისების აღდგენასთან დაკავშირებით წინაღობები აღარ არსებობს. ელჩის თქმით, საქართველოზე, როგორც ტურისტულ მიმართულებაზე ისრაელის მოქალაქეებს შორის დიდი მოთხოვნაა.
“საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის აღარ არსებობს დაბრკოლება პირდაპირი ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით. ამასთან ისრაელის ვიზიტორებს საშუალება აქვთ საქართველოში 1-ელი თებერვლის შემდეგ ჩამოვიდნენ ნეგატიურ COVID-19-ის ტესტის, ან ვაქცინაციის სერტიფიკატის საფუძველზე.
ამჟამად თელ ავივის საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო ფრენების უმრავლესობისთვის დახურულია, თუმცა მოსალოდნელია, რომ თებერვლის ბოლომდე ოპერირება განაახლოს.
არსებობს საკმაოდ დიდი მოთხოვნა საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით ისრაელს მოქალაქეებს შორის. 2019 წელს ისრაელის 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ განახორციელა ვიზიტი და კვირაში მინიმუმ 48 ფრენა სრულდებოდა.
ამრიგად, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ისრაელის ავიაკომპანიები ძალიან მალე დაიწყებენ ოპერირებას”, – განუცხადა ელჩმა AviaNews-ს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელს ლევან კარანაძეს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა.