რას მოუტანს საქართველოს თეთნულდზე ფრირაიდის ტურნირის მაღალი სტანდარტით ჩატარება
სვანეთში, კურორტ თეთნულდზე „ფრირაიდის" მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო (FWQ) ეტაპის პირველი, 2-ვარსკვლავიანი შეჯიბრი დასრულდა.
მაღალი დონის ტურნირს საქართველომ პირველად უმასპინძლა.
საქართველოს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" დირექტორის ირაკლი ჭირაქაძის თქმით, 2-ვარსკვლავიანი შეჯიბრი წარმატებით დასრულდა და საორგანიზაციო გუნდი დარწმუნებულია, რომ მეორე - 4-ვარსკვლავიანი შეჯიბრიც ასეთივე წარმატებული გამოვა.
„მოხარულები ვართ, რომ „ფრირაიდის" საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფის მხრიდან დადებითი შეფასებები მივიღეთ, განსაკუთრებით საორგანიზაციო საკითხების იდეალურად შესრულებისთვის. წინ კიდევ ერთი შეჯიბრი გველის და დარწმუნებული ვარ, მასაც ღირსეულად გავართმევთ თავს", - აღნიშნა ირაკლი ჭირაქაძემ.
მისი თქმით, ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.
აღსანიშნავია, რომ ფრირაიდის სპორტის სახეობებში არსებობს ღონისძიებების იერარქია, რომლის მიხედვით ხდება წლიური კალენდრის დაგეგმვა. საქართველოს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, პირველივე წელს უმასპინძლოს მსოფლიო ფრირაიდის შესარჩევ (Freeride World Qualifier) ყველაზე მაღალი კატეგორიის საკვალიფიკაციო ეტაპს, რომელიც 4 ვარსკვლავით ფასდება. აღნიშნულ შეჯიბრზე უფრო მაღალი დონე მხოლოდ ფრირაიდის მსოფლიო ტურია (Freeride World Tour), რომლის მასპინძლობის შესაძლებლობა საქართველოს მიეცემა საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით ჩატარების შედეგად.