ტურიზმი
13/07/2021

რა ღირს სასტუმროების მომსახურება კოვიდის პირობებში

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემია არ დასრულებულა და არც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა შესაშური, ქართულ სასტუმროების სერვისი არ გაიაფებულა.

PMCG კვლევითი ცენტრის მონაცემებით, ივნისში სასტუმროების მომსახურება მაისთან შედარებით საშუალოდ 6.4%-ით (მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების მომსახურება გაძვირდა 8.6%-ით, საოჯახო ტიპის სასტუმროების 1.7%-ით) გაძვირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ ფასებს 1.5%-ით ჩამორჩება.

ცენტრის დეტალური მონაცემებით, 2021 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 136 ლარი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროებისამ - 243 ლარი შეადგინა. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო
ფასი ივნისში 81 ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით ფასებს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 496 ლარი შეადგინა. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში,
სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 739 ლარი შეადგინა, თბილისში - 644 ლარი, კახეთში - 470 ლარი, აჭარაში - 457 ლარი.

2021 წლის ივნისში, 2019 წლის ივნისთან შედარებით, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა, საოჯახო ტიპის სასტუმროების 2.8%-ით შემცირდა.