ტურიზმი
29/04/2021

ყველაზე მოკლე სამთო-სათხილამურო სეზონი 2021 დასრულდა - ზამთრის კურორტებს 134 183 ვიზიტორი ეწვია

2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე იყო. 1,5-თვიანი სეზონი ოფიციალურად 25 აპრილს დასრულდა ისიც მხოლოდ გუდაურის შემთხვევაში, რადგან დანარჩენ კურორტებზე ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით სეზონი აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიხურა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის მონაცემებით, 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) 134 183 ვიზიტორი დაფიქსირდა მთაზე, გაყიდული ბილეთების რაოდენობამ კი 78 462 შეადგინა.

2021 წლის სეზონზე გუდაურის სათხილამურო არეალს 83 055, ბაკურიანისას - 35 166, გოდერძის - 7 262, ხოლო მესტიას (თეთნულდი, ჰაწვალი) 8 700 ვიზიტორი სტუმრობდა.

ვიზტორების ზუსტი დათვლის შესაძლებლობას კომპანიის ცნობით, გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტები იძლევა.