ყველაფერს ვაკეთებთ ქუთაისიდან ფრენების მალე გასაახლებლად - Wizz Air-ი
ზუსტი თარიღი თუ როდიდან განაახლებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ რეისებს უცნობია. როგორც Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერი ანდრას რადო EuroNews Georgia-თან აცხადებს, ქუთაისსა და კონკრეტულ მიმართულებას შორის ფრენების აღდგენა, სადაც Wizz Air-ი პანდემიამდე ოპერირებდა, დამოკიდებულია ორივე ქვეყანაში არსებულ რეგულაციებზე.
„Wizz Air-ს ქართულ ბაზარზე დაბრუნება და ქუთაისის ბაზიდან ფრენების გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი. ახლა იმას ვიკვლევთ, თუ როდის შევძლებთ რეგულარული ფრენების დაწყებას. მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ აქ არა მხოლოდ საქართველოში არსებულ შეზღუდვებს, არამედ იმ რეგულაციებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომლებიც სხვა ქვეყნებში მოქმედებს.
მართალია, პირველ თებერვალს საქართველოში რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება, თუმცა, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებში კვლავ არსებობს მოგზაურობასთან დაკავშირებული უამრავი რეგულაცია. ამიტომ ფრენების განახლებას პირველი თებერვლიდან ვერ შევძლებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ფრენები მალე აღდგეს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ჩვენთვისაც უცნობია“, - აცხადებს ანდრას რადო.
Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერის აცხადებს, რომ ავიაკომპანია საქართველოს მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობს და საჰაერო მიმოსვლის განახლება საერთო მიზანს წარმოადგენს.
“თუმცა რადგანაც სხვა ქვეყნებში რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ ვერ აღვადგენთ მიმოსვლას საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის. ამდენად, ჩვენ მთავრობასთან ერთად ვეძებთ გზებს, რომ ბაზარს კვლავ დავუბრუნდეთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ფუნქციონირება და ქართველ მომხმარებელს შეძლებისდაგვარად ბევრი მიმართულებით შევთავაზოთ მოგზაურობა“, განმარტავს EuroNews Georgia-თან ანდრას რადო.