ტურიზმი
04/05/2021

ყაზახური ავიაკომპანია FlyArystan-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა

ყაზახური ავიაკომპანია FlyArystan-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება დაიწყო.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ატირაუდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი კომპანიამ უკვე შეასრულა და საქართველოში 140 საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოიყვანა. ყახაზეთიდან ქუთაისში ჩამოსული რეისის პირველ მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI-ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. 

ატირაუს შემდეგ რეგულარული რეისები ქუთაისსა და ყაზახეთს შორის 4 მაისს, აქტაუდან და ნურ-სულთანიდან შესრულდება. 

FlyArystan-ი ქუთაისის აეროპორტიდან კვირაში ორჯერ სამი მიმართულებით აქტაუ, ატირაუ და ნურსულთანის მიმართულებით იფრენს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებსაიტზე უკვე შესაძლებელია.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ყაზახეთის დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-სთან. მოხარული ვართ, რომ პანდემიის მიუხედავად, სრულიად ახალი ავიაკომპანიები არიან დაინტერესებული ქართული ბაზრით. ასევე, უკვე არსებული ავიაკომპანიები, თანდათან ბრუნდებიან ბაზარზე და ზრდიან ფრენების სიხშირეებს.
ავიაკომპანიის სახმელეთო სამსახურისა და ოპერაციების მენეჯერებმა, შეამოწმეს და შეისწავლეს ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობები. ველოდებით საერთაშორისო ვიზიტორებს შუა აზიიდან, რაც ქვეყნის და ზოგადად იმერეთის რეგიონის სრულიად ახალი ტურისტული ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს,” - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და Air Astana-ს შვილობილი კომპანიაა. ავიაკომპანია რეისებს ძირითადად AIRBUS A320 თვითმფრინავით ასრულებს. 

შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან გამარტივდა ყაზახეთიდან საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის პროცედურები. ყაზახეთის მოქალაქეებს შეუძლიათ გადალახონ საქართველოს საჰაერო საზღვარი უარყოფითი PCR ტესტით.