ყაზახეთიდან ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთიდან პოპულარულ მოგზაურ ბლოგერებსა და ავიაკომპანია Air-Astana-ს წარმომადგენლებს მასპინძლობს.
ინფო-ტურის ფარგლებში ბლოგერებმა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა თბილისი, უფლისციხე და ბორჯომი დაათვალიერეს. ტურის მონაწილეები კახეთს ეწვევიან. 13 კაციანი ჯგუფი დაათვალიერებს სიღნაღს, გაეცნობა ადგილობრივ კულინარიას. ტურის მონაწილეები ესტუმრებიან ლოპოტას ტბას. ტურის პარალელურად ბლოგერები მოამზადებენ საქართველოს ბუნების, კულტურის, სამზარეულოსა და ქალაქების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს, რომელსაც სოციალურ ქსელში ათიათასობით ინტერნეტმომხმარებელი გაეცნობა.
ინფო-ტურის მიზანია ყაზახეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.
"ყაზახეთსა და საქართველოს ძალიან ბევრი საერთო აქვთ, ჩვენ ყაზახეთში ვამბობთ სტუმარი ღვთისგან არის გამოგზავნილი და ზუსტად იგივე გამონათქვამია საქართველოში. თქვენი ქვეყანა ძალიან სტუმართმოყვარეა. იმედი მაქვს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ავიაკომპანია Air-Astana-ს საშუალებით ძალიან ბევრი მოგზაური ეწვევა საქართველოს ყაზახეთიდან და გაეცნობიან ულამაზეს ქვეყანას, თავისი საოცარი ხალხით. როგორც გავიგე თბილისი თბილს ნიშნავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მხოლოდ კარგ ამინდს ან გოგირდის აბანოებს ეს პირველ რიგში ნიშნავს თბილ ხალხს".- ამბობს იაკობ ფედოროვი ბლოგერი ყაზახეთიდან.
"ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია საქართველოში, მე თქვენს ქვეყანაში მესამედ ვიმყოფები. საქართველოს გამოვარჩევდი ბუნებითა და საინტერესო ადგილებით. ჩვენი კომპანია საქართველოს მიმართულებით გეგმავს რეისების რაოდენობის გაზრდას. ჩვენ ვიწყებთ ბათუმის მიმართულებით რეისების შესრულებას. ნურ-სულთანიდან ბათუმის მიმართულებით შესრულება პირდაპირი ავიარეისები. მგზავრთნაკადი საკმაოდ დიდია, საქართველოს მიმართულება ძალიან პოპულარულია ყაზახეთში",-აცხადებს Air-Astana-ს წარმომადგენელი ტლეკ აბდრახიმოვი.