ფოტო: ი. ხარგელია
ტურიზმი
26/08/2021

პრემიერი: ტურიზმის სააგენტო კურორტი ლებარდეს აღდგენის პროექტზე მუშაობს

პრემიერი ლებარდეს კურორტის აღდგენის პირობას დებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ ლებარდეს კურორტი აუცილებლად აღდგება

"უკვე დავალებული მაქვს, ტურიზმის სააგენტო მუშაობს ლებარდეს ცნობილი კურორტის აღდგენის პროექტზე. ჩვენი სურვილია, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს მარტვილში, მეტმა ნახოს ეს უნიკალური სილამაზე, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში არსებული უნიკალური დაცული ტერიტორიები, ტურისტული შესაძლებლობები უნდა იქნას მაქსიმალურად ათვისებული და ამაზე ჩვენი გუნდი მუშაობს აქტიურად", - აღნიშნა პრემიერმა.

კურორტი ლებარდე მდებარეობს მარტვილის მთიან ნაწილში, კავკასიონის, სამეგრელოს ქედის სამხრეთ კალთებზე, მდ. ტეხურის მარცხენა შენაკადის მდ. ლებარდეს ხეობაში, 1600-1800მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

კურორტი მდებარეობს მდინარე ლებარდეს ორივე ნაპირზე. გზა კურორტ ლებარდემდე ამორტიზებულია.

კურორტის რეაბილიტაციაზე ჯერ კიდევ 2017 წელს დაანონსდა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კომპანია „ბაუდიზაინს“ დაუკვეთა კურორტისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება. როგორც მაშინ ითქვა დაგეგმილია სასტუმრო, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, სპორტული ობიექტებისა და საბაგირო გზის მოწყობა.

 

ფოტო: ი. ხარგელია