ტურიზმი
13/05/2022

პრემიერი: ტურიზმის აღდგენა ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა იზრდება. 
 
"ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის. ბათუმი კი, ამ მიმართულებით ერთ-ერთი ვარსკვლავია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი პროექტების დაწყებას ვგეგმავთ აჭარის რეგიონშიც, გურიაშიც, ყველგან", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
 
მისი თქმით, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ტურიზმი 70%-ით არის აღდგენილი. 
 
"მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. თუ შევხედავთ, რა ხდება ზოგადად მსოფლიოში და აღარ მაქვს საუბარი, უბედურებაზე რაც ხდება უკრაინაში, დამანგრეველი ომი და ომის შედეგებით გამოწვეული ეს უბედურება, ეს ნეგატიური ტალღა, რომელიც მთელს ევროპაში, მთელს მსოფლიოში ვრცელდება. რა თქმა უნდა გვახარებს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს შემთხვევით არ ხდება, ეს არის სწორედ ჩვენი გააზრებული, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა და გრძელვადიანი სტაბილურობა და მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეგიონების განვითარებას, გამოცოცხლებას, ტურიზმს, ვაჭრობას და ა.შ. ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება",- აღნიშნა პრემიერმა.