ტურიზმი
19/05/2023

პრემიერი: არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში

საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში, ამით ყველაფერია ნათქვამი, ვისაც არ უნდა, ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა და იყოს ეკონომიკა, ის არის ამ ქვეყნის მტერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერი შესაბამისობაშია ეროვნულ პოლიტიკასთან და საერთაშორისო სანქციებთანაც.

„ერთი რამ მინდა, გითხრათ, დასავლეთის ქვეყნებში, ჩვენი ომის შემდეგ, როცა ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ სისხლი დავღვარეთ, და არა მარტო საქართველოში, არამედ ნატო-ს მისიებში – ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი. სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ. მივიღეთ სანაცვლოდ რა? ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის გადაუხედავს, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებით. ჩემი მიზანია ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და მისი დაცვა, ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში, ამით ყველაფერია ნათქვამი. ისლანდიაში შეხვედრებზე პირადად მქონდა საუბარი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ლიდერებთან. ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი. აქ ახალი და უცხო არაფერი არ არის. განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების.

ვისაც არ უნდა, რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა და იყოს ეკონომიკა, ძალიან მარტივად უნდა ითქვას, რომ ის არის ამ ქვეყნის მტერი. მთავარი არის შედეგი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ შედეგზე, საქმეზე. საქმე არის ის, რომ ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, უმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, კიდევ უფრო განავითარებს ვაჭრობას. ყველაფერი შესაბამისობაშია ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე საერთაშორისო სანქციებთანაც. ასე რომ, აქ კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner