PMC კვლევითი ცენტრი სასტუმროებში ფასების კლების ტენდენციის გაგრძელებას ვარაუდობს
"მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, შიდა ვიზიტების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა და 9 200 000-ს მიაღწია,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარმა, ნანა ქაჯაიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შიდა ვიზიტების რაოდენობით, თბილისი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ლიდერობს. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ზრდის ტენდენციაა, ქაჯაია ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე მზარდი დინამიკა შენარჩუნდება.
"თბილისი კვლავ რჩება ძირითად ადგილად, სადაც პირველი ვიზიტები ხორციელდება. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ის ნაკლებადაა ტურისტული ხასიათის, ვინაიდან თბილისში სტუმრობის მიზეზი, ძირითადად, ნათესავების მონახულება ან საყიდლები იყო.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ შიდა ტურიზმი ნაკლებად შემოსავლიანია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვიზიტორები ძირითადად მეგობრთან ან ნათესავთან რჩებიან.
რაც შეეხება ფასებს, ჩვენ ფასების დინამიკას მიმდინარე წლის მაისიდან ვაკვირდებით და შეინიშნება, რომ მაისიდან მოყოლებული, სასტუმროებში ფასებს კლების ტენდენციაა, რაც ვფიქრობთ, ბაზარზე არსებული კონკურენციითაა გამოწვეული,"-აცხადებს ქაჯაია.
როგორც PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარი განმარტავს, სექტემბერში, აჭარის რეგიონში ფასები ზაფხულის თვესთან შედარებით შემცირებულია. თუმცა, გურიაში პირიქით, ფასების მატება შეინიშნება.
მისივე ვარაუდით, ფასების კლების ტენდენცია კვლავაც შენარჩუნდება, თუმცა სეზონზე, იმ რეგიონებში, სადაც ვიზიტორების მკვეთრი რაოდენობა შეინიშნებოდა, მაგალითად სამცხე-ჯავახეთი, ფასების მატებაა მოსალოდნელი.