პარაპლანით ფრენა სავარაუდოდ ზაფხულისთვის აღდგება
10 თვიანი პაუზის შემდეგ, პარაპლანით ფრენა, განახლებული რეგულაციების დაცვით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულისთვის აღდგება.
სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ აქტიური სამუშაო პროცესის შემდეგ, სპორტის ამ სახეობით სარგებლობას მომხმარებლები ზაფხულში შეძლებენ.
"საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის" თავმჯდომარის, ირაკლი კაპანაძის ინფორმაციით, უკვე შექმნილია ოთხი პროფილური კომისია, რომელიც 9 ივნისამდე შესაბამის საკითხებს შეისწავლის, ხოლო ამის შემდეგ შესაძლებელია ეტაპობრივად მოხდეს პილოტების გადამზადება, საფრენი ადგილების შერჩევა და ფრენის დაწყება.
"იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ამ კანონის თუ უახლოეს მომავალში არა, ეტაპობრივად დახვეწას, მორგებას. მაქსიმალურად მოსახერხებელს გავხდით ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელიც პარაპლანებში იქნება ჩართული, ეს ეხება როგორც კომერციულ პილოტებს, ასევე სპორტსმენებს, რეკრეაციულ პილოტებს, ასევე სტუმრად ჩამოსულს მფრინავებს. ეს ყველანარად წაადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯსაც და ამ სპორტსაც."-ამბობს ირაკლი კაპანაძე.
მფრინავების თქმით, მართალია ახალი რეგულაციები ის არის, რასაც ითხოვდნენ, თუმცა ამან შესაძლოა სხვადასხვა სახის გამოწვევებიც შექმნას.
როგორც მფრინავი გიორგი მებაღიშვილი აცხადებს, ფრენა შესაძლებელი იქნება იგივე ლოკაციებზე, სადაც კომერციული ფრენები იყო, თუ გაივლის ეს ლოკაციები შესაბამის აკრედიტაციას და უსაფრთხოების ნორმებს თუ დააკმაყოფილებს.
"აღჭურვილობა გვაქვს უმაღლესი, შესაბამისი კლასის, ასევე ველოდებით სპორტულ აქტივებობს, ვგულისმხობ ჩემპიონატებს ფესტივალებს და ა.შ. ვფიქრობ რეგულაციები უფრო მეტად გაზრდის კომერციული კუთხით უსაფრთხოების შეგრძნებას მგზავრისთვის, მაგრამ პრაქტიკაში როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი არ ვიცით. საერთაშორისო ფედერაციის რეკომენდაციით შეიქმნა ეს ყველაფერი, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მუშაობს. ამიტომ შევხედავთ როგორ მოერგება სამუშაო პროცესს, ალბათ უწყებებთან თანამშრომლობით ის ხარვეზები გამოსწორდება რა შეიძლება პოენციურად წარმოიქმნას.“-განაცხადა გიორგი მებაღიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 8 მაისის დადგენილებით დამტკიცდა წესები, რომლებიც ადგენს:
- საფრენი ადგილების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას;
- ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს;
- მოთხოვნებს მფრინავის მიმართ;
- მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს;
- მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს
- პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას;
- ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს;
- ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე
- წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა.
ფრენების პროცესს კი პარაგლაიდინგის ფედერაცია გააკონტროლებს, ხოლო ფედერაციის ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაეკისრება.