ტურიზმი
16/12/2020

Paradise Borjomi: ყოველი დღე სასტუმროსთვის არის ზარალი

Paradise Borjomi–ს გენერალური მენეჯერი თეიმურაზ გელაშვილი სასტუმროში არსებულ რთულ სიტუაციაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრობს. მისი განცხადებით, ბორჯომში ძალიან ბევრი სასტუმრო დაიკეტა და ბევრიც გადარჩენისთვის მუშაობს.

„ისეთი არასტაბილური მდგომარეობაა საქართველოში, რომ ზუსტად არც კი ვიცით რა მოლოდინები უნდა გვქონდეს. მოთხოვნა არის ძალაინ დაბალი და საახალწლოდაც კი არ გვაქვს გარანტირებული ჯავშნები. ზაფხულის შემდეგ ველოდით ზამთრის სეზონს, თუმცა, გაუარესებული სიტუაციიდან გამომდინარე, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. კურორტების დაკეტვამ შესაძლოა საახალწლოდ ბორჯომში ვიზიტორების მატებაზე იმოქმედოს, თუმცა, ჯავშნები წინასწარ არ გვაქვს.

ბორჯომი უმეტესად ტურისტებზეა დამოკიდებული, ამიტომ სრულიად ბორჯომზეა ძალიან დიდი ზარალი მიყენებული. ქართველებისთვის ფასები დავაკორექტირეთ, პანდემინამდე ნომერი თუ ღირდა 90–110 დოლარი, ახლა 40 დოლარი ღირს.“– აღნიშნავს თეიმურაზ გელაშვილი.

სასტუმრო Paradise Borjomi–ში 24 ნომერი, ბარი და რესტორანია განთავსებული. გელაშვილის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისთვის, კომუნალური გადასახადებითვის ფინანსური რესურსი დაკეტვის შემთხვევაშიც იხარჯება.

„თითოული წუთი და დღე ზარალია სასტუმროსთვის. 30 თანამშრომლიდან, მხოლოდ 10 შევინარჩუნეთ, რომლებთანაც გრძელვადიანი კონტრაქტი გვაქვს. ფაქტობრივად, დაკეტილები ვართ, უბრალოდ კარი გვაქვს ღია და თუ ვინმე მოვა მივიღებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პერიოდი გადავიაროთ. თუ ასეთი სიტუაცია დიდხანს გაგრძელდა, ალბათ გაზაფხულამდე შევინარჩუნებთ სასტუმროს და შემდეგ დავკეტავთ.“– ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.

Businesspartner