ნინო ჩოხელი: ტურიზმის სექტორის განვითარებამ, ბუნებრივად განაპირობა რეგულაციების საჭიროება
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
„ტურიზმის სექტორის განვითარებამ ბუნებრივად განაპირობა რეგულაციების საჭიროება.“- ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ნინო ჩოხელმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დღის წესრიგში დადგა ისეთი საკითხები, როგორიცაა სექტორის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრა, ამას გარდა გასათვალისწინებელია, ქვეყანამ რა ბაზრებსა და სეგმენტზე უნდა იმუშაოს, ასევე რა ტიპის ტურისტები უნდა მოიზიდოს და სხვა.
ტურიზმის განვითარების ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა გამოიკვეთა. თუმცა, ჩოხელის თქმით, თუ ქვეყანაში საბაზისო ტურისტების უფლებები არ იქნება დაცული, ასევე უსაფრთხოებისა და სიცოცხლესთან დაკავშირებული მაღალი სტანდარტი, რთული იქნება ტურისტების მოზიდვა.
„Usaid-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა ძალიან დიდი სამუშაო. მოხდა, როგორც საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა, ასევე რეგულაციების გავლენის შეფასება. მხოლოდ ამის შემდეგ, ჩვენ შევჯერდით სექტორთან ერთად იმ აუცილებელ, საბაზისო საკითხებზე, რომელიც დარეგულირებას საჭიროებს.“- აცხადებს ჩოხელი.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის მტკიცებით, ამ ეტაპზე შემოდის საბაზისო რეგულაციები, რომელიც სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული. დანარჩენი სერვისები, როგორიცაა გიდის მომსახურება, ეს იქნება ნებაყოფლობითი, სერთიფიცირებას დაქვემდებარებული.
აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობისას, ყველა ნორმისა და რეგულაციის გააზრება მოხდა, ვინაიდან ყველა ის ნორმა და საკითხი, რომელიც კანონში ჩაიდება, მას უკან გააზრებული იმპლემენტაციის მექანიზმი უდევს.
ცნობისთვის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და რეფორმეტრის მხარდაჭერით ტურიზმის სექტორში რეფორმა მიმდინარეობს. მუშავდება ტურიზმის შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგაც საქართველოში სტუმარ-მასპინძლიბის მიმართულება ახლებურად დარეგულირდება.