ტურიზმი
24/02/2021

ნათია თურნავა: რამდენიმე ავიაკომპანია საქართველოში ფრენების გაფართოებისთვის მზადაა

რამდენიმე ქვეყნის ავიაკომპანია მზად არის გააფართოვოს საქართველოში ფრენების არეალი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გვაქვს წინასწარი ინფორმაცია და რამდენიმე ქვეყნიდან ჩვენთან მოდიან ავიაკომპანიები, ვინც ისედაც იყო წარმოდგენილი საქართველოში, მაგრამ მზად არიან გააფართოონ ფრენის არეალი, მათ შორის თუნდაც ყაზახეთიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, ე.წ. ლოუ-ქოსთერები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა თქვა, რომ გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში ვიზიტორები უარყოფითი PCR ტესტით და მესამე დღეს განმეორებითი ტესტირების ჩატარების ვალდებულებით შემოდიოდნენ.

„დღეს ჩავთვალეთ შესაძლებლად და ერთსულოვანი ვიყავით, რომ მკაცრი კონტროლით უკვე შესაძლებელია ქვეყნების ჩამონათვალი გავაფართოვოთ და დავუმატოთ სამეზობლო და რეგიონის ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი , რუსეთი და ბელარუსი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამ ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით 1-ლი მარტიდან შეძლებენ შემოსვლას. სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე კვლავ ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი.