ტურიზმი
19/03/2021

ნათია თურნავა: Lufthansa ფრენების სიხშირეს ზრდის და ახალ მიმართულებებს ამატებს

ეკონომიკის მინისტრი ტურისტული ნაკადების ზრდის მოლოდინზე აცხადებს. ნათი თურნავამ განმარტა, რომ ამის ფონზე ავიაკომპანიები საქართველოში სიხშირეებს ზრდიან.

"უცხოური ავიაკომპანიები საქართველოში მზარდი ტურისტული ნაკადების პოტენციალს ხედავენ და ამ ფონზე რეგულარული ფრენების სიხშირეებს ზრდიან“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და მაგალითად გერმანული ავიაკომპანია Lufthansa მოიყვანა, რომელიც მისი თქმით ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებასაც ამატებს.

„1-ელი ივნისიდან Lufthansa კვირაში ოთხი სიხშირით იწყებს რეისების შესრულებას ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით. ასევე გააორმაგებს ფრენებს მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის ხაზზე. ჩვენ ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, მათ შორის ტურისტებს პისიარ ტესტით ევროპის ქვეყნებიდან, რომელთა შორისაც ცხადია, გერმანელი ტურისტებიც იქნებიან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს, კვირაში 4 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს. ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს აორმაგებს მიუნხენის მიმართულებით და ზაფხულის სანავიგაციო სეზონში მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად, რეგულარულ ფრენებს კვირაში 4-ჯერ შეასრულებს, 31 მაისიდან კი ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს.