Myway Airlines-ი თელ ავივისა და ერევნის მიმართულებით ფრენებს იწყებს
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines თბილისი-თელ ავივი-თბილისის და თბილისი-ერევანი-თბილისის საჰაერო ხაზებზე რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს.
ფრენები შესრულდება:
• თბილისი – თელ ავივი – თბილისი, 2 ივნისიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას;
• თბილისი – ერევანი – თბილისი, 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიენიჭა.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.