"მთის კურორტები უნდა გაიხსნას, სეზონი არ ელოდება, ვინ როდის მიიღებს გადაწყვეტილებას"
რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის თავმჯდომარე, შალვა ალავერდაშვილი მთის კურორტების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს. აქვე ამბობს, რომ მთავრობასთან კომუნიკაცია აქვთ, თუმცა მათგან მუდმივად ერთსა და იმავე პასუხს იღებენ მაშინ, როდესაც კერძო სექტორი კონკრეტული გეგმის წარდგენას ითხოვს.
„1-ლი თებერვლიდან აუცილებლად უნდა გაიხსნას მთის კურორტები. სეზონი დროში ვერ გაიწელება. სეზონი არ ელოდება, ვინ როდის მიიღებს გადაწყვეტილებას. თებერვალსა და მარტში მაინც უნდა იმუშაონ მაღალმთიანმა კურორტებმა იმისთვის, რომ მინიმუმ კომუნალური გადასახადები მაინც გადაიხადონ და არ გაუფუჭდეთ არსებული შენობები. იმ ფინანსურ ზარალს რაც მიიღეს, ტექნიკური ზარალიც არ უნდა დაერთოს თან.
მთავრობის პასუხი ყველაფერზე არის, ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის პასუხი, რომელსაც ვეღარ ვიღებდით. იმის წინააღმდეგები კი არ ვართ, რომ ქვეყანაში ეპიდემია არ გავრცელდეს. უბრალოდ, მთავარი მესიჯი ის არის, რომ ჩვენ გავაკეთებთ იმ მითითებებით ყველაფერს, რაზეც შევთნხმდებით. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ არ დავიცავთ რაღაც პირობებს. ჩვენით გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ყველა მითითება ზედმიწევნით სწორად შესრულდეს. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ეს მითითებები და უნდა გავიხსნათ“,- აღნიშნა ალავერდაშვილმა.