ტურიზმი
12/11/2021
მთავრობამ ახალი კურორტებისა და ტურისტული ცენტრების შესაქმნელად პროექტები მოამზადა
ახალი კურორტებისა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნის მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ საინვესტიციო პროექტები მოამზადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე 40-მდე საინვესტიციო შეთავაზება განიხილეს, რომელიც მოიცავს, როგორც ახალი ტურისტული ობიექტების განვითარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე ინდუსტრიულ და ლოგისტიკურ პროექტებს.
განხილული წინადადებებიდან, უახლოეს პერიოდში საინვესტიციო თვალსაზრისით ყველაზე მიმზიდველი შეთავაზებები შეირჩევა და მათ პროექტირებაზე მუშაობა დაიწყება.
სამუშაო შეხვედრისას აღინიშნა, რომ იდენტიფიცირებულია ყველა რეგიონი, სადაც არსებობს ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების განვითარების პოტენციალი. მაგალითად აღინიშნა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა სამშვილდეში, ასევე ახალი კურორტის განვითარება რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ ახალი ტურისტული სერვისების გაჩენის პოტენციალი.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ახალი საინვესტიციო შეთავაზებები ხელს შეუწყობს ინვესტორთა დაინტერესებას საქართველოში ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, რეგიონების თანაბარ ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება.