მთავრობა კურორტების აუქციონზე გამოტანას გეგმავს
მთავრობა კურორტების განვითარებას გეგმავს და მათ აუქციონებზე გამოტანას აპირებს.
ამ მიზნით, ბიუჯეტში 200 მილიონი ლარია გათვალისიწნებული და ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრული რეაბილიტაცია-განახლება დაიწყება.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილია.
"მათი დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100-ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი შევისწავლეთ და გასაყიდად გამოვიტანთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობას ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოიყენება სურს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კურორტების განვითარების გეგმაზე პრეზენტაცია გაიმართება, სადაც მოწვეული იქნება ბიზნესის წარმომადგენლები.
"დავიწყებთ ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრულ რეაბილიტაცია-განახლებას- ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, მესტია, წყალტუბო, ბათუმი, ქუთაისი, ასევე ვგეგმავთ მცხეთაში და ვაპირებთ ბარისახო- როშკას მიმართულებით, მანგლისი-სიონის მიმართულებით და ომალოს მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.