ტურიზმი
14/02/2023

მიშელ ვიონი - ვფიქრობთ, საქართველოში მაღალი დონის შეჯიბრი ჩატარდება

„ბაკურიანი 2023-ის მიმართ დიდი მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, საქართველოში მაღალი დონის შეჯიბრი ჩატარდება“ - ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა კურშაველში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, მარიამ ქვრივიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში ალპაინ დისციპლინაში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის “სილქნეტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე.

ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე გაიმართა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტ იოჰან ელიაშსა და საფრანგეთის სპორტის მინისტრს ამელი უდია კასტერასთან.

„ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრძოლა ყველა დისციპლინაში იქნება და წინ დაძაბული ორი კვირა გველის, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია გასცდეს იმ ქვეყნების საზღვრებს, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ჩემპიონატს. ამით ზამთრის სპორტი უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსთვის ერთჯერადი მოვლენა არ უნდა იყოს, ამ ჩემპიონატმა ბევრი მემკვიდრეობა უნდა დატოვოს და ამისთვის დიდი ინვესტიცაა საჭირო. იმედი მაქვს, მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის განრიგში ხშირად ვიხილავთ“, - აღნიშნა მიშელ ვიონმა.

მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ  და სხვა) 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება.

ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა 3 ახალი საბაგირო (დიდველი),  29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა (დიდველი, კოხტა, მიტარბი), წყლის ორი  ხელოვნური რეზერვუარი (დიდველი, მიტარბი -ჯამური მოცულობით 307 000 მ3),  6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.

ჩემპიონატის ფარგლებში მოეწყო სპორტსმენთა სოფელი სპორტსმენების, მედიის წარმომადგენლების და ტექნიკური ინვენტარის მომსახურებისთვის. საერთო ჯამში, ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განხორციელდა   270 მლნ ლარის ინვესტიცია.

Businesspartner