მინისტრი: ულტრათანამედროვე კლინიკების გახსნა სამედიცინო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კლინიკა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით შეიქმნა.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" 25 000 კვ. მეტრ ფართობს მოიცავს და ამ ეტაპზე 183-საწოლია განთავსებული.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა კლინიკის გახსნაზე განაცხადა, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" შექმნისთვის განხორციელებული ინვესტიციის დიდი ნაწილი, დაახლოებით 18 მლნ დოლარი აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო.
„საამაყოა, რომ კლინიკის ამოქმედებასა და ფუნქციონირების დაწყებაში თავისი წვლილი შეიტანა პროგრამამ „აწარმოე საქართველოში", რომლის თანადაფინანსების შედეგად კლინიკამ საჭირო დანადგარები შეიძინა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში უკვე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი, თუმცა იგეგმება მათი 700-მდე გაზრდა. გარდა ამისა, კლინიკა მოემსახურება არა მარტო ადგილობრივ პაციენტებს, არამედ მზად არის რეგიონის პაციენტებსაც მოემსახუროს, რაც დამატებითი შენატანი იქნება ჩვენი ეკონომიკის აღდგენასა და სწრაფ ზრდაში. ასევე ეს იქნება ირიბი შენატანი პერსპექტიული დარგის - სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში, რომელიც ვფიქრობთ, ქვეყანაში სწორედ ასეთი ულტრათანამედროვე კლინიკების შექმნით განვითარდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ მუშაობს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. პროექტს გააჩნია ამბიცია – საქართველოსა და რეგიონის სამედიცინო რუკაზე შეიტანოს ცვლილება. კერძოდ, საქართველოში გაიხსნას პირველი გლობალური მასშტაბის ჰოსპიტალი, რომელიც გაივლის Joint Commission International (JCI)-ის სრულ აკრედიტაციას.