მედეა ჯანიაშვილი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით ევროკავშირი მეორე ადგილზეა
საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში განსაკუთრებული ზრდა ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფიქსირდება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლმა მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა.
„ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები ჩვენი პრიორიტეტული ბაზრებია. ევროკავშირი შემოსავლებით მეორე ადგილზეა, რაც ძალიან სასიხარულოა და კიდევ უფრო მეტ იმედს გვაძლევს, რომ წლის ბოლომდე უფრო გაიზრდება შემოსავლები,“ - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით სექტემბერში ტურიზმის აღდგენის კუთხით შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს გადააჭარბა.
„ჩვენ სექტემბერში განსაკუთრებით პოზიტიური მაჩვენებელი გვაქვს შემოსავლების კუთხით, აღდგენას უკვე გადავაჭარბეთ და გვაქვს 118%-იანი შედეგი 2019 წელთან მიმართებით. იანვარი-სექტემბერში ტურისტული ვიზიტების აღდგენა 68%-მდეა, შემოსავლების აღდგენა კი 98%-ია. აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენ საერთაშორისო ვიზიტორთა საერთაშორისო რაოდენობაში ტურისტული ვიზიტების წილი გავზარდეთ, რაც ავტომატურად აისახება მაღალ შემოსავალზე. ეს შედეგია მთელი რიგი აქტივობებისა რომელიც ხორციელდება არამხოლოდ საჰაერო წვდომის გაზრდის მიმართულებით, არამედ აქტიური მარკეტინგული კამპანიების წარმოებით ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე,“ - აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
სექტემბერში, საქართველომ ტურიზმიდან 375 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18%-ით აჭარბებს.