მედეა ჯანიაშვილი: ქუთაისის აეროპორტის გაფართოება მგზავრთნაკადის გაზრდას შეუწყობს ხელს
ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა.
როგორც გახსნის ცერემონიაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა, 6-ჯერ გაზრდილი აეროპორტის ტერიტორია, 4-ჯერ გაზრდილი გამტარუნარიანობა.
"თანამედროვე სერვისები და უსაფრთხოების ნორმები, ეს არის წინაპირობა, რომ ერთის მხრივ გავზარდოთ მგზავრთა ნაკადი და ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა. ამ კუთხით ქუთაისის აეროპორტს მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს. მდებარეობიდან გამომდინარე ის ახლოს არის ქვეყნის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან. შესაბამისად კომპლექსურად ეს მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და საერთაშორისო მოგზაურთა ნაკადის მოზიდვას,“ - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ძველი ტერმინალის ფართობი 4800 კვადრატული მეტრი იყო, გაფართოების შედეგად კი - ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. აქამდე თუ ძველი ტერმინალი წლიურად 600 ათასი მგზავრის გატარებას ახერხებდა, განახლებული ტერმინალის შემთხვევაში მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში 2 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა.