ტურიზმი
22/12/2021

მედეა ჯანიაშვილი: ეკოტურიზმი ქვეყნისთვის ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული პროდუქტია

ეკოტურიზმის საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ეკოტურიზმის სტრატეგით გათვალიწინებული სამუშაოები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან GIZ ერთად შეაჯამა.

როგორც ცნობილია, ეკოტურიზმის სტრატეგია 2020-30 წლებს მოიცავს. სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს 3 წლიანი სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. შეხვედრაზე განხილული იყო 2022 წლის დაგეგმილი აქტივობები.

„ეკოტურიზმი ქვეყნისთვის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ პროდუქტს წარმოადგენს, შესაბამისად სტრატეგიის პოლიტიკის დოკუმენტი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება კულტურული, ბუნებრივი რესურსის მდგრადი მართვით შთამბეჭდავი ტურისტული პროდუქტის ფორმირება მოვახდინოთ, ხოლო ამის შემდეგ შიდა და საერთაშორისო ტურისტული ბაზრებს შევთავაზოთ, რაც პირდაპირ აისახება გაზრდილ ტურისტულ ნაკადებსა და ჩვენი ქვეყნის მიმართ გაზრდილ ინტერესზე,“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

GIZ-ის პროგრამის კოორდინატორის თქმით, რამდენიმე წელია რაც GIZ საქართველოს ტურიზმის განვითარების მიმართულებით ეხმარება.

"დღეს არის ანგარიშის წარდგენა ეკოტურიზმის სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის, თუ რა განხორციელდა რა იგეგმება 2021-23 წლის პერიოდში. GIZ განაგრძობს ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭერას, პანდემიამ აჩვენა, რომ მწვანე, მდგრადი ეკო ტურისტული მიმართულებები ხელს შეუწყობს ტურიზმის აღდგენას,“ - განაცხადა დარიკო გოგოლმა.

სტრატეგია 2020-2030 ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს (APA) და ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA), ასევე საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ჩართულობით მოამზადა.

დოკუმენტით განისაზღვრა ეკოტურიზმის მნიშვნელობა, მწვანე ეკონომიკის განვითარება, ასევე გაიწერა 2021-2023 წლების მიზნები და ქმედებები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვა უწყებებთან ერთად განახორციელებს. მაგალითად სატყეოს ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების გეგმების (საიჯარო ობიექტების) მომზადება, ბილიკების მოწყობა, გარკვეულ დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული პარკების ვიზიტორთათვის სასაზღვრო სანებართვო რეგულაციების მოწესრიგება, ნიშური პროდუქტების შექმნა, ადგილობრივი ტრადიციული წარმოების განვითარება, საგანმანათლებლო აქტივობები და სხვა.

ეკოტურიზმი საქართველოში უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ავთენტური გამოცდილების გაზიარებას, სარგებელი მოაქვს ადგილობრივი თემებისთვის და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას; ამავე დროს, იგი უზრუნველყოფს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში.