ენერგეტიკა
05/11/2021

საქართველოში ნავთობის მოპოვება იზრდება

ნავთობის ადგილობრივი წარმოება იზრდება. 2021 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მიერ ნედლი ნავთობის გადამუშავებამ 28 932,5 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8 937,2 ტონით ანუ 44,7%-ით მეტია.

ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, მოპოვების მნიშვნელოვანი ზრდა ნავთობკომპანიების მიერ თანამედროვე მეთოდების დანერგვამ გამოიწვია. გარკვეულ სალიცენზიო ბლოკებზე ისეთი სამუშაოები განხორციელდა, როგორიცაა ჰორიზონტალური, ულტრა მოკლე რადიუსით ბურღვა, სამგანზომილებიანი სეისმო-საძიებო და მაგნიტურ-გეოფიზიკური კვლევები.

„განსაკუთრებით, ამ კუთხით აღსანიშნავია დასავლეთ რუსთავის ფართობზე მდებარე სალიცენზიო ბლოკი, სადაც სამუშაოებს „ბლოკ ენერჯი“ აწარმოებს განახლებულ ჭაბურღილზე. ეს ბლოკი მთლიანად დაიფარა 3D კვლევებით. აღსანიშნავია, რომ მოპოვების გაზრდის კუთხით სამ არსებულ ჭაბურღილში ჩატარდა ჰორიზონტალური ბურღვა და საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს ამ სამ ჭაბურღილზე,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა ეკატერინე კობიაშვილმა.

სააგენტოს ცნობით, ნავთობისა და გაზის მოპოვების ზრდის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პერსპექტივები გამოიკვეთა დასავლეთ რუსთავის საბადოს მეზობლად მდებარე სამგორი-პატარძეულისა და თელეთი საბადოებზეც, სადაც ძველ ჭაბურღილებში დაგეგმილია მსგავსი სამუშაოების დაწყება.

საქართველოში ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების საქმიანობას სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების საფუძველზე საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული 11 ინვესტორი კომპანია ახორციელებს. კომპანიებთან სახელმწიფოს ამ დროისთვის სულ 25 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

საქართველოში მოპოვებული ნავთობი მთლიანად ადგილზე, ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გადამუშავდება. 2020 წელს ჯამში 28,437 ტონა ნავთობი გადამუშავდა. 2021 წლის 3 კვარტლის მონაცემებით კი 28 932 ტონა ნავთობია გადამუშავებული.

Businesspartner