ტურიზმი
06/06/2022

მედეა ჯანიაშვილი: ძალიან აქტიურ ტურისტულ ფაზაში შევდივართ

მაისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 264 327 შეადგინა, რაც 173.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აღდგენის დინამიკას დადებითად აფასებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და განმარტავს, რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანა აქტიურ ფაზაი შედის. 

„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ მიზნობრივ ბაზრებზე და ვახორციელებთ არაერთ პროექტებს, პრეს-ტურებს, ინფო-ტურებს, ვმასპინძლობთ ტურ-ოპერატორებს. ახლა შევდივართ ძალიან აქტიურ ტურისტულ ფაზაში, შედეგად მაისის თვეში, ტურისტული ნაკადების წილში, უკვე გვაქვს 62%-იანი აღდგენა, რაც წინა თვეს აღემატება  10%-ით. ვფიქრობ ძალიან პოზიტიური შედეგია და ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს და ამ სეზონს ძალიან კარგი შედეგებით დავხურავთ“,-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა. 

ცნობისთვის, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1 180 034 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით  257.8%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 39.5% შეადგინა.

2022 წლის 5 თვეში  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 906 670 შეადგინა, რაც 213.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მაისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული  ვიზიტები 54.8%-ით არის აღდგენილი.