მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში - USAID-ის "ზრდა" პრეზენტაციას გამართავს
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ 13 ივლისი, 11:30 საათი გაიმართება USAID „ზრდა“ პროექტის პრეზენტაცია - „მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში“. პრეზენტაციაზე შეჯამდება პროექტის მიერ განხორციელებული ინტერვენციების შედეგები სათემო მართვის გაძლიერების, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით.
პრეზენტაციასთან ერთად, გაიმართება პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი, ასევე თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელი ლადო კახოიძე.
USAID-ის „ზრდა“ პროექტმა თუშეთის მდგრადი ტურიზმის განვითარების ინიციატივა 2018 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც „ზრდამ“ მოახდინა ინვესტირება აგრარულ, ტურიზმისა და მომსახურების სექტორებში გრანტების, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, ტრენინგების და კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენელთა ტექნიკური მხარდაჭერის მეშვეობით.
საერთო ჯამში კი, 2018-2021 წლებში Zrda-ს ინვესტიცია თუშეთში შეადგენს დაახლოებით 600,000 ლარს, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების გენერირებამ, მთლიანად ახმეტის მუნიციპალიტეტში, 4.1 მილიონ ლარს მიაღწია, რომლისგანაც ნახევარი მოდის თუშეთზე. ასევე, აღნიშნული ინვესტიციების შედეგად შეიქმნა 45 ახალი სამუშაო ადგილი.