ტურიზმი
21/06/2023

“მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე 3D განათების ამოქმედება ადგილობრივ ბიზნესს განვითარების საშუალებას მისცემს"

მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოწყობილი 3D განათებების ამოქმედების დღიდან, 12 ივნისიდან დღემდე მხოლოდ ღამის საათებში, აღნიშნულ ტერიტორიებს 10 ათასამდე  ვიზიტორი ეწვია.

ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნიკო თევდორაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ ევრპის მასშტაბით საქართველოა პირველი ქვეყანა, რომლის დაცულ ტერიტორიებზეც დამონტაჟდა ევროპული სტანდარტების ეკომეგობრული ღამის განათებები. ამან მოგზაურობის ხანგრძლივობა გაზარდა, რადგან ამ ტერიტორიებზე შესვლა საღამოს 7 საათის ნაცვლად ღამის 12 საათამდეა შესაძლებელი. მისივე თქმით, ეს ადგილობრივი ბიზნესისთვის ხელსაყრელი ცვლილებაა.

„თუ ადგილობრივი ბიზნესი ადრე ორიენტირებული იყო დღის საათებში ბიზნესის წარმოებაზე, ახლა შესაძლებელია სასტუმრო სერვისების განვითარება ან სხვა საქმიანობის დაწყება,“ - განაცხადა თევდორაშვილმა.

რაც შეეხება თავად განათებებს, თევდორაშვილის განცხადებით, პროექტირებაში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. მისივე ინფორმაციით, მარტვილის კანიონზე ასევე გაკეთდა წყლის 100-მეტრიანი ფარდა, რომელზეც 3D პროექციის მინათება ხდება, ოკაცეს ჩანჩქერზე კი 200 მეტრის სიმაღლეზე ლაზერ შოუ გაკეთდა.

განათებები მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს.

Businesspartner