ტურიზმი
05/06/2023

მარტვილის კანიონისა და ოკაცეს ჩანჩქერის დათვალიერება ღამის საათებშიც შესაძლებელი იქნება

მარტვილის კანიონისა და ოკაცეს ჩანჩქერის დათვალიერება ღამის საათებშიც შესაძლებელი იქნება, რისთვისაც 3D განათების სისტემები ეწყობა.

ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე დასრულების ეტაპზეა სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული, 4 000 000 ლარის ღირებულების პროექტი, რომლის ფარგლებში, საქართველოში პირველად, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერზე მოეწყობა 3D განათების სისტემები.

სააგენტოს ინფორმაციით, 3D განათების სისტემით აღჭურვა ვიზიტორებს საშუალებას მისცემს ღამის საათებშიც იმოგზაურონ ამ უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას, მათ შორის ღამისთევის სურვილის მქონე ვიზიტორთა რაოდენობას, ეს კი პოზიტიურად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის და ზოგადად რეგიონის შემოსავლების ზრდასა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

Businesspartner